რა იწვევს ოსტეოპოროზს?

ძვლოვანი სისტემა მუდმივად განახლებადია. მასში მუდმივად ხდება ძველი ძვლის დაშლა და ახალი ძვლის წარმოქმნა – რემოდელირება.  სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით, შესაძლოა ძვლის დაშლა გახდეს ინტენსიური ან  ძვლის აღდგენის პროცესი შენელდეს  ან ორივე ერთად დაირღვეს და შედეგად მივიღოთ არამდგრადი, არამტკიცე ძვლოვანი კარკასი.

გასათვალისწინებელია  ძვლის ფიზიოლოგიური თავისებურებებიც, ასაკის მატებასთან ერთად როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში ძვლის სიმკვრივე თანდათანობით მცირდება.

ქალებში ეს პროცესი მეტად ჩქარდება მენოპაუზის შემდეგ (ესტროგენების ფიზიოლოგიური დეფიციტის გამო) და თუ ამ პროცესს თან ახლავს დაავადების სხვადასხვა ხელშემწყობი ფაქტორი,  ძალიან მაღალია ოსტეოპოროზისა და ოსტეოპოროზული მოტეხილობის განვითარების რისკი.

 

ოსტეოპორზის რისკი იზრდება შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • ასაკი – 65 წლის ზემოთ;
  • მენოპაუზა მათ შორის ადრეული მენოპაუზა (ჰიპოგონადური მდგომარეობები ქალბატონებში): ადრეული მენოპაუზა, მამაკაცებში: ტესტოსტერონის დაბალი დონე;    მოტეხილობები ანამნეზში ან ოსტეოპოროზული მოტეხილობის ოჯახური ისტორია;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: მალაბსორბცია, ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პანკრეასის დაავადებები, ქირურგიული ჩარევები (მათ შორის ბარიატრიული ქირურგია);
  • ისეთი მედიკამენტების ხანგრძლივად მიღება როგორიცაა:   გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი); ანტიკოაგულანტები (ჰეპარინი);  თირეოიდული ჰორმონები; ანტიკონვულსანტებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში თერაპია;
  • ენდოკირნული სისტემის დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, პირველადი ჰიპერპარათირეოიდიზმი;
  • რევმატოიდული დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა;
  • კვებითი დარღვევები: კალციუმის, D ვიტამინისა და ცილის შემცველი საკვების არასაკმარისი მოხმარება;
  • ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბი მოხმარება;
  • არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა.