რა მნიშვნელობა აქვს კალციუმს ორგანიზმისთვის?

ძვლების სიმტკიცისთვის კალციუმს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ მისი წყალობით ინარჩუნებენ ძვლები სიმტკიცეს. ძვლების სიმაგრის შენარჩუნება კალციუმის ერთადერთი დანიშნულება არ არის.

ამ ელემენტს გაცილებით მეტი ფუნქცია აქვს ორგანიზმში: სისხლძარღვების შევიწროვება და გაფართოება, სისხლის შედედება, კუნთების შეკუმშვა, ნერვული იმპულსების გადაცემა, ჰორმონების სეკრეცია და ა.შ. თუმცა ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების შესრულებას ორგანიზმში არსებული კალციუმის 1%-ზე ნაკლები უზრუნველყოფს. დანარჩენი 99% ძვლებსა და კბილებშია თავმოყრილი და მათი სტრუქტურის შენარჩუნებას და სიმტკიცეს უწყობს ხელს.

რადგან კალციუმის წარმოქმნა ორგანიზმს თავად არ შეუძლია, ამიტომ ის გარედან უნდა მივაწოდოთ საკვებით. თუ რაიმე მიზეზით საკმარისი რაოდენობით კალციუმის მიწოდება არ ხდება, ორგანიზმი მისი ალტერნატიული წყაროების ძიებას იწყებს და ადვილად პოულობს. კალციუმით ხომ ასე მდიდარია ჩვენი ძვლები, ორგანიზმიც საკუთარი ძვლებიდან იღებს საჭირო ელემენტს. ეს ერთგვარი კომპენსაციური მექანიზმია, მაგრამ თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა, ძვალსახსროვანი სისტემა სუსტდება: დროთა განმავლობაში ძვლებიდან კალციუმი გამოდევნება, ძვლები კარგავს სიმტკიცეს და ოსტეოპოროზი ვითარდება. თუ საკვებთან ერთად მიღებული კალციუმის რაოდენობა არასაკმარისია, საჭიროა მისი შევსება კალციუმის შემცველი პრეპარატებით.

ძვლის ქსოვილი მუდმივად განიცდის განახლებას: ორგანიზმი მუდმივად იღებს ძვლებიდან ცოტაოდენ კალციუმს და მას ახლით ცვლის. ამ პროცესს რემოდელირება ეწოდება.

ძვლის რეზორბციასა და დეპოზიციას (კალციუმის ამოღებასა და ჩალაგებას) შორის ბალანსი ასაკთან ერთად იცვლება. ბავშვებსა და მოზარდებთან რეზორბციას დეპოზიცია ჭარბობს, საშუალო ასაკში ორივე პროცესი თანაბარი ტემპით მიმდინარეობს, ხანდაზმულებში კი–რეზორბცია სჭარბობს.